10 სექტემბერი 2024
ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში, ხშირად აწუხებთ გულის რევის შეგრძნება, ის შეიძლება სხვადასხვა ინტენსივობის იყოს - გულის რევის მსუბუქი შეგრძნებიდან დღეში რამდენჯერმე პირღებინებამდე. ამ მდგომარეობას ორსულობის ტოქსიკოზს უწოდებენ.
ტოქსიკოზის ზუსტი მიზეზი დაუდგენელია, თუმცა არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელსაც მას უკავშირებენ:
ჰორმონალური ცვლილებები: ორსულობის დროს მატულობს ესტროგენების და პროგესტერონის რაოდენობა, ისინი ადუნებენ კუნთებს, აქვეითებენ კუჭისა და ნაწლავების პერესტალტიკას, შედეგად, საკვები დიდხანს ყოვნდება კუჭში, რაც იწვევს გულისრევის შეგრძნებას.
ასევე, ორსულობის დროს პროგესტერონი ადუნებს ეზოფაგეალურ სფინქტერს, რაც იწვევს გასტროეზოფაგეალურ რეფლიუქსს, შედეგად, იზრდება კუჭის მჟავიანობა, რაც იწვევს ყაზბობას, გულისრევას ან გულისრევის შეგრძნებას.
ტოქსიკოზს უკავშირებენ ასევე ორსულობის სპეციფიური ჰორმონის ქორიონული გონადოტროპინს მოქმედებას, რომლის პიკი სწორედ ორსულობის დასაწყისშია, მაგალითად, მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს ქგ უფრო მაღალია და ტოქსიკოზიც უფრო ხშირია. თუმცა ყველა ორსულს, რომელსაც მაღალი ქგ აქვს, არ აწუხებს ტოქსიკოზი. არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ტოქსიკოზი ზოგჯერ შესაძლოა დაკავშირებული იყოს არა მაღალ ქგ-თან, არამედ ქგ-ს სპეციფიკურ ფორმებთან და მისი რეცეპტორების მუტაციასთან.
გენეტიკური ფაქტორი
ფსიქოლოგიური ფაქტორი, ზოგიერთი ვიტამინის ნაკლებობა, მაგ: B, ცინკი.
ტოქსიკოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები შეიძლება იყოს გამოწვეული არა ორსულობის ტოქსიკოზით, არამედ გასტროენტეროლოგიური პრობლემებით და ამ შემთხვევაში საჭიროა ექიმი გასტროენტეროლოგის ჩართულობა
როგორ შევამსუბუქოთ ტოქსიკოზი ორსულობის პირველ თვეებში:
1. იკვებეთ ხშირ-ხშირად და მცირე ულუფებით
2. დილით გაღვიძებისთანავე და საწოლიდან აუდგომლად, დაუყოვნებლივ მიირთვით მცირე საკვები, რაც გესიამოვნებათ, მაგალითად ორცხობილა.
3. მიიღეთ ბევრი წყალი - ცოტ-ცოტა და ხშირხშირად
4. მოერიდეთ მჟავე, ცხარე, ცხიმიან საკვებს
5. მიირთვით ჯანჯაფილის და/ან პიტნის ჩაი, შესაძლოა დაგეხმაროთ უსიამოვნო შეგრძნებების მოხსნაში
თუ თავს სუსტად გრძნობთ და/ან გაქვთ ღებინება, ყოველდღე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს
ექიმი-რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი მანანა მგალობლიშვილი • Manana Mgaloblishvili