kaKA

ზღვა და შარდსასქესო გზების ინფექცია

10 სექტემბერი 2024

ზღვა და შარდსასქესო გზების ინფექცია

არსებობს გავრცელებული აზრი, რომ შარდსასქესო გზების ინფექცია შეიძლება გადაგედოს ზღვაში ბანაობის დროს. მართლაც ხშირია, როცა ქალს ზღვაზე დასვენებისას ეწყება არასასიამოვნო სიმპტომები: ჭარბი გამონადენი საშოდან, წვა, ქავილი, ხშირი შარდვა, რის გამოც მიმართავენ ექიმებს და მკურნალობენ სხვადასხვა ინფექციას. ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ ინფექცია ზღვიდან გადაედო, მაგრამ სინამდვილეში, ზღვის წყლით შარდსასქესო ინფექციის გადადება პრაქტიკულად გამორიცხულია.

👉🏻 საქმე იმაშია, რომ ზღვაზე დასვენებისას ბუნებრივია, რომ იცვლება ადამიანის ჩვეული რეჟიმი, კვება, ჰიგიენური ჩვევები და სხვა გარემოებები. უჩვეულო გარემო იწვევს ცვლილებებს იმუნურ სისტემაში და ქალებში ხშირად საშოს დისბაქტერიოზში გამოიხატება. მოგეხსენებათ, რომ საშო არ არის სტერილური ორგანო, მასში უამრავი ბაქტერია ბინადრობს, ხოლო მათ შორის ბალანსის დარღვევა იწვევს დისბაქტერიოზს, ამავე დროს ადგილობრივი იმუნიტეტის დაქვეითების შედეგად შესაძლებელია უკვე არსებული სქესობრივად გადამდები ინფექციის გააქტიურება. სქესობრივად გადამდები ინფექციების გადადება ხდება მხოლოდ სქესობრივი გზით.

✔️ სქესობრივად გადამდები ინფექციით დაინფიცირება არ ხდება მხოლოდ პენეტრაციით, არამედ ინტიმური ზონების შეხებითაც შესაძლებელია.

საშოს დისბაქტერიოზი მოითხოვს სწორ დიაგნოსტიკას, რისთვისაც საჭიროა ექიმი-გინეკოლოგის კონსულტაცია, ნაცხის ანალიზი, ph,”-ტესტი, საჭიროების შემთხვევაში ანალიზები სქესობრივად გადამდებ ინფექციებზე. თუ დიაგნოზი სწორად დაისვა, მკურნალობა მარტივია და სიმპტომების ალაგება რამდენიმე დღეში ხდება.

©️ ექიმი-რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი მანანა მგალობლიშვილი მანანა მგალობლიშვილი • Manana Mgaloblishvili

ReprodClinic
ლ.გოთუას 3
Info.reprodclinic@gmail.com
ორშ - პარ 10:00 - 17:00, შაბ - 10:00 - 14:00

დაგვიმეგობრდი