17 იანვარი 2024
ვაგინიზმი საშოს კუნთის უნებლიე შეკუმშვაა, რის გამოც სქესობრივი კავშირის დამყარება შეუძლებელი ხდება. მტკივნეული მცდელობების გამო, ქალს სქესობრივი კონტაქტის შიში უჩნდება, რაც აძლიერებს კუნთების შეკუმშვას და შეღწევას მტკივნეულს ხდის.
ვაგინიზმი, ყველაზე ხშირ შემთხვევაში, სექსუალურ ცხოვრებაზე არასაკმარისი ინფორმაციის პირობებში ყალიბდება - ბავშვობაში ან მოზარდობაში შთაგონებულ წარმოდგენებზე, რომ „სექსი ბინძურია, დანაშაული და სამარცხვინოა“. გარდა ამისა, შესაძლოა ქალს სქესობრივი კონტაქტის დამყარების ცუდი გამოცდილების გამო ეშინოდეს, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს სექსუალურ შევიწროებასთან ან გაუპატიურებასთან.
გავლენა შესაძლოა მოახდინოს „პირველი ღამის" შესახებ მოყოლილმა ისტორიებმა და ფილმების კადრებმა, სადაც სექსი ძალადობრივი სცენებით არის წარმოდგენილი.
ვაგინიზმი შესაძლოა ქალს განუვითარდეს სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან რამდენიმე წელშიც, როდესაც არ სურს თავისი პარტნიორი, იცის ღალატის შესახებ ან აქვს კონფლიქტური სიტუაცია.
ხშირად, ვაგინიზმთან ერთად, ქალებს აქვთ ზოგადი შფოთვა, დაძაბულობა, სხვადასხვა შიში და ფობია.
ვაგინიზმის მკურნალობა ხდება სპეციალური პროგრამით, რომელიც მოიცავს ვარჯიშებს და ფსიქოლოგთან კონსულტაციებს.
ფსიქოთერაპია - როგორც წესი, ვაგინიზმის დიაგნოსტიკა სიმპტომების აღწერით იწყება. ფსიქოლოგი გამოგკითხავთ თქვენს სექსუალურ წარსულს, რაც შეიძლება მოიცავდეს კითხვებს სექსუალური ტრავმებისა და ძალადობის შესახებ.
ფსიქოლოგი პაციენტს კონკრეტულ დავალებებს აძლევს, რაც მან სახლში დამოუკიდებლად უნდა შეასრულოს. დავალებების მიზანია საშოსა და მის ირგვლივ მიდამოების შეხებისას კუნთების რეფლექსური შეკუმშვისა და ტკივილის შიშის შემცირება.
მხოლოდ ყველა საფეხურის გავლის შემდეგ უნდა სცადოს წყვილმა სქესობრივი კავშირის განახლება ფსიქოლოგის რეკომენდაციების მიხედვით.
უყურადღებოდ დატოვებული ვაგინიზი თავისით არ განიკურნება. გაცნობიერებული და მიზანმიმართული მკურნალობა ყოველთვის ეფექტურია.
ფსიქოლოგი მარიამ მგალობლიშვილი.