17 იანვარი 2024
ენდომეტრიოზის დროს, საშვილოსნოს ქსოვილი, იგივე ენდომეტრიუმი საშვილოსნოს ღრუს გარეთ იზრდება. ყველაზე ხშირად, საკვერცხეზე, ფალოპის მილსა და უტეროსაკრალურ ლიგამენტზე, თუმცა ასევე შეიძლება ქსოვილი კუჭ-ნაწლავის სისტემაში ან ფილტვში აღმოჩნდეს.
ენდომეტრიოზი იწვევს მენსტრუაციული ციკლის სხვადასხვა ტიპის დარღვევასა და რეპროდუქციულ პრობლემებს:
დისმენორეა: ტკივილი მუცლის მენჯის არეში მენსტრუაციის დროს არის ენდომეტრიოზის ხშირი სიმპტომი. შეიძლება ტკივილი იმდენად ძლიერი იყოს, რომ ქალს ხელი შეეშალოს ყოველდღიურ რუტინაში.
მენორაგია: მძიმე მენსტრუალური სისხლდენა, რომელსაც ასევე ახასიათებს ხანგრძლივი ციკლი. ენდომეტრიოზის შემთხვევაში, სისხლის დანაკარგი შეიძლება იმდენად დიდი იყოს, რომ განვითარდეს ანემია და ქრონიკული დაღლილობა.
არარეგულარული მენსტრუალური ციკლი: შეიძლება ციკლის პერიოდი იყოს მოკლე ან უფრო გახანგრძლივებული, რაც პირდაპირ მოქმედებს პაციენტის ოვულაციურ ფუნქციაზე.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ენდომეტრიოზის დროს მენსტრუალური ციკლის დარღვევების სიმძიმე ძალიან განსხვავდება თითოეულ პაციენტში. ციკლის გარდა მათ ხშირად აწუხებთ ქრონიკული მენჯის ტკივილი, დისკომფორტი სქესობრივი აქტის დროს და უშვილობის პრობლემა.
ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკა და მართვა, როგორც წესი, მოიცავს მედიკამენტურ, ქირურგიულ და ცხოვრების წესის ინტერვენციებს. თუ ეჭვი გაქვთ, რომ შეიძლება გქონდეთ ენდომეტრიოზი, მნიშვნელოვანია გაიაროთ კონსულტაცია ექიმ-რეპროდუქტოლოგთან და მასთან ერთად შეადგინოთ პერსონალიზირებული მკურნალობის გეგმა.
ექიმი რეზიდენტი-რეპროდუქტოლოგი ნატა ნაკაიძე.