16 იანვარი 2024
უნაყოფობის პრობლემა ყოველი მეათე წყვილის აწუხებს. უშვილობის მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს და პრობლემის კვლევას წყვილი ექიმებთან ერთად უნდა ეცადოს. უნაყოფობის მიზეზი შეიძლება იყოს: ანთებითი დაავადებები, ინფექცია, წყვილთა შეუთავსებლობა, გენეტიკური და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, თუმცა გარდა ამისა, არსებობს დაუდგენელი მიზეზებით გამოწვეული უშვილობაც.
ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორი. უშვილობით გამოწვეული სტრესი და შფოთვა კიდევ უფრო ამძიმებს ამ პრობლემას და თავად ხდება ხელის შემშლელი დაორსულებაში.
უნაყოფობის ფსიქოლოგიური მიზეზებია:
შიშები: მშობიარობის დროს სიკვდილის შიში. შესაძლოა, ქალმა ბავშვობაში ყური მოკრა ვინმეს საუბარს, რომ მისი ორსულობა მძიმედ წარიმართა, ან ისე გაუჭირდა მშობიარობა, რომ ლამის გადაჰყვა. ამან ისე შეაშინა, რომ საკუთარ თავს „ორსულობა აუკრძალა“.
ნაყოფის მოწყვეტის შიში. შესაძლოა გოგონამ ავადმყოფი, ან თანდაყოლილი პათოლოგიების მქონე ბავშვების დაბადების შესახებ მოისმინა და ამან იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ ამის თავიდან არიდება უნაყოფობით „გადაწყვიტა“.
ქალის შიში, რომ კარგი დედა ვერ იქნება ანუ პასუხისმგებლობის შიში. თუ ქალი შინაგანად გრძნობს, რომ მზად არაა, ეშინია პასუხისმგებლობის აღების, ეს შეიძლება მისი დაორსულებისთვის ბარიერი იყოს.
მამაკაცზე დამოკიდებულების შიში ანუ უმწეობის შიში. შესაძლოა ქალს ეშინია, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ დროებით მუშაობას ვეღარ შეძლებს და ქმარზე დამოკიდებული გახდება, რაშიც უმწეო მდგომარეობას და მიტოვების საფრთხეს ხედავს.
სხეულის ფორმების დამახინჯების და სილამაზის დაკარგვის შიში. ქალს შესაძლოა ეშინოდეს, რომ ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ ფიგურა გაუფუჭდება და მიმზიდველობას დაკარგავს.
ტრავმული მოვლენები წარსულში: სასტიკი მოპყრობა ბავშვობაში, მშობლების განქორწინება, ცხოვრების არახელსაყრელი პირობები, ახლო ნათესავის ან მეგობრის გარდაცვალება მშობიარობის დროს. ყველა ეს განცდა მტკივნეულ მოგონებას იწვევს, რომელიც გავლენას ახდენს ქალის ცხოვრებაზე და იცავს მას,რომ კვლავ არ მოუხდეს იგივეს განცდა.
დედაზე განაწყენება. როდესაც სიტყვა „დედა“ ასოცირდება წყენასთან, ტირანიასთან, მშობლებთან მტრული დამოკიდებულება ქალს დედობის სურვილს უკარგავს, რაც ორსულობას ბლოკავს.
სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობა. როცა სქესობრივი აქტი აღიქმება სამარცხვინოდ, ცოდვად, უხამსობად და სიბინძურედ, რადგან მშობლებმა გოგონას სქესობრივ აღზრდაში შეცდომა დაუშვეს.
თვითდასჯა. როდესაც ქალი მისი აზრით ჩადენილი ცოდვებისთვის გაუცნობიერებლად თავს ისჯის.
უშვილობის „სარგებელი“. როდესც ქალი მზად არ არის შეიცვალოს ცხოვრების წესი.
იმისთვის, რომ უშვილობის პრობლემა მოაგვაროთ, აუცილებლად ჩაიტარეთ კვლევები და მიიღეთ რჩევები სპეციალისტებისგან.
ფსიქოლოგი მარიამ მგალობლიშვილი.