7 ოქტომბერი 2023
პაპილომავირუსის 150-ზე მეტი სახეობა არსებობს და მათგან მხოლოდ რამდენიმე იწვევს საშვილოსნოს ყელის, ვაგინის, ვულვის კიბოს ქალებში, ხოლო კაცებში - ანუსის, პენისის, ყელის კიბოს.
ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბო 90% შემთხვევაში დაკავშირებულია პაპილომავირუსის ონკოგენური შტამით ინფიცირებასთან. არსებობს არაონკოგენური შტამები, რომლებიც იწვევს მეჭეჭებს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე და პაპილომებს ქალისა და კაცის სასქესო ორგანოებზე.
როგორ უნდა მივხვდეთ, გვაქვს თუ არა პაპილომავირუსი? - პაპილომავირუსის ინფექციას არა აქვს სიმპტომები და მისი გამოვლენა მხოლოდ ლაბორატორიული PCR კვლევითაა შესაძლებელი.
როგორ ხდება პაპილომავირუსით ინფიცირება? პაპილომავირუსით ინფიცირება ხდება მხოლოდ სქესობრივი გზით, არამხოლოდ ვაგინალური პენეტრაციით, არამედ ანალური, ორალური სექსით, ე. წ. ფინგერინგით და უბრალოდ, სასქესო ორგანოების შეხებით.
იკურნება პაპილომავირუსი? - პაპილომავირუსის მკურნალობა არ არსებობს, ის შეიძლება თავისით გაქრეს დაინფიცირებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში.
პაპილომავირუსის თავიდან აცილების ერთადერთი მეთოდი ვაქცინაციაა. პაპილომავირუსის ვაქცინაცია 90%-ით ამცირებს საშვილოსნოს ყელის და სხვა ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს. იმ ქვეყნებში, სადაც რამდენიმე ათეული წელია თითქმის ყველა მოსახლეს უტარდება პაპილომავირუსზე ვაქცინაცია, საშვილოსნოს ყელის კიბო სიხშირით ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოთი წელიწადში 200 ქალი იღუპება და ძუძუს კიბოს შემდეგ მეორე ადგილზეა გავრცელების სიხშირით.
რა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია პაპილომავირუსზე? პაპილომავირუსზე ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე, რეკომენდებულია ბიჭებში 8 წლის ასაკიდან და გოგოებში - 11 წლის ასაკიდან.
შეიძლება თუ არა პაპილომავირუსზე ვაქცინაცია სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ? - პაპილომავირუსზე ვაქცინაცია სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ საჭიროა და იმ შემთხვევაშიც კი, როცა ქალი ან კაცი პაპილომავირუსის მაღალი რისკის რომელიმე შტამით უკვე ინფიცირებულია, რადგან ვაქცინაციის შემთხვევაში, დაცული იქნება პაპილომავირუსის სხვა მაღალი რისკის შტამებისგან.
საჭიროა თუ არა საშვილოსნოს ყელის სკრინინგი პაპილომავირუსით ვაქცინაციის შემდეგ? - დიახ, საჭიროა, რადგან პაპილომავირუსის ვაქცინა მნიშვნელოვნად ამცირებს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკს, მაგრამ სრულად არ იცავს მას სხვადასხვა დაავადებისგან. სკრინინგის სიხშირეს ადგენს ექიმი-გინეკოლოგი, რომელიც ითვალისწინებს ვაქცინაციას.
იცავს პრეზერვატივი პაპილომავირუსით დაინფიცირებისაგან? - არ იცავს სრულად, რადგან მაინც ხდება სასქესო ორგანოების შეხება, თუმცა ამცირებს რისკს.