kaKA

სოხუმი ოცდაშვიდი წლის შემდეგ

11 ივლისი 2023

სოხუმი ოცდაშვიდი წლის შემდეგ

ხშირად მეკითხებიან, განსაკუთრებით კი სოხუმელები, რას გრძნობდი, როცა 27 წლის შემდეგ ჩემს მშობლიურ ქალაქში ჩავედი. რთულია ეს ერთი წინადადებით ავღწერო, მაგრამ შევეცდები გაგიზიაროთ ის შთაბეჭდილებები და გრძნობები, რაც მაშინ განვიცადე. როცა აფხაზეთში 27 წლის უნახავ ქუჩებში გაავიარე და სოხუმური ქუჩების სურნელი ვიგრძენი, უცნაური გრძნობა დამეუფლა, როგორიც ადრე არასდროს განმიცდია: უსაზღვრო სიხარული და უკიდეგანო სინანული, ერთმანეთში შეზავებული ტკბილი და მწარე მოგონებები, ბედნიერება და უბედურება - ერთდროულად შემოიჭრა სულში:

დავდივარ სოხუმის ქუჩებში, ხელით ვეხები ოლეანდრებს და პალმებს, ძველი შენობების კედლებს, ღობეებს, თითქოს მინდა დავრწმუნდე რომ არ ვარ სიზმარში.

მოულოდნელად ცოცხლდება ათეულ წლობით მიძინებული მოგონებები: ეს ის გაჩერებაა, სადაც ხშირად ტროლეიბუსს ველოდებოდი, ამ სკოლის ეზოში აი ამ ადგილას გვიყვარდა მეგობრებს შეკრება, ამ კაფეში ეკლერებს ვჭამდი, ამ კუთხეში კაფე იყო, სადაც თხილიანი და მანდარინისსიროფიანი ნაყინი იყიდებოდა, აქ დედაჩემი მხვდებოდა მუსიკის გაკვეთილის შემდეგ და მერე ამ ქუჩაზე საყიდლებზე დავდიოდით, აქ ბოშები საღეჭ რეზინს ყიდდნენ, ამ კლინიკაში მამა პაციენტებს ღებულობდა, აქ სოხუმელი გაბო დადიოდა, მშვიდობის გამზირზე "სვაბოდა" "სვაბოდას" ყვიროდა, ამ სახლში ჩემი მათემატიკის მასწავლებელი ცხოვრობდა. სოხუმის ქუჩებში, მის ყოველ კუნჭულ-კვარტალში, ყველა მისახვევ-მოსახვევში ჩემს გონებაში სრულიად მივიწყებული სოხუმელების სახეები წამში ცოცხლდება მათთვის დამახასიათებელი მიხვრა-მოხვრით, სიარულის და მისალმების მანერით, საუბრით, შეძახილებით... უკვირთ ჩემს მასპინძლებს, რატომ ვსეირნობ ნახევრადდანგრეულ "ამრაზე", მე-17 სკოლის შენობის ფონზე ფოტოს გადაღება ან იქვე, გაუქმებულ მიწისქვეშა გადასასვლელის დათვალიერება რაში მჭირდება, თვითონაც მიკვირს, რატომ მეჩვენება სკოლის გვერდით ჩამომდინარი მუდამ მყრალი "გნილუშკა" (სახელიც ასეთი შეარქვეს თავის დროზე) ასე საყვარლად, რატომ ვაგროვებ სოხუმის პლაჟზე უბრალო ქვებს და ქვიშას, სტუმარი ვარ თუ მასპინძელი, ესეც ვერ გამიგია...

აფხაზეთის ომის შემდეგ გაჩნდა ფრაზა: "გახსოვდეს აფხაზეთი!", რომელსაც პლაკატებად აკრავდნენ და ხშირად იმეორებდნენ.. შემდეგ მივიწყებას მიეცა ეს გამონათქვამი, ალბათ იმიტომ, რომ აფხაზეთში დაბრუნების იმედი თანდათან გაფერმკთალდა და იმედის ჩაქრობა აფხაზეთის ხსოვნას კიდევ უფრო მტკივნეულს ხდიდა, ამიტომ ვცდილობდი ნაკლები მეფიქრა იმაზე, რაც ტკივილს უფრო მიღრმავებდა - ეს ადამიანის ქვეცნობიერის ერთგვარი თავდაცვის რეაქციაა და ვფიქრობ ბევრი აფხაზეთელი ფიქრობდა ასე, თუმცა აფხაზეთს და სოხუმს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა მიჩენილი ჩვენს გულებში.

ჰოდა იმ ყველაზე ძვირფასი და გაფერმკთალებული მოგონებების აფეთქება იყო აფხაზეთი 27 წლის შემდეგ.

ReprodClinic
ლ.გოთუას 3
Info.reprodclinic@gmail.com
ორშ - პარ 10:00 - 17:00, შაბ - 10:00 - 14:00

დაგვიმეგობრდი